ახალი ამბები
მოსახლეობასთან "ენკას" უფრო მეტი უნდა ემუშავა'' - ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებაში კომპანია "ენკას" ადანაშაულებს.

მინისტრის თქმით, ინვესტორს მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა ემუშავა და დრო არ უნდა დაეკარგა.

,,ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტად ემუშავა მოსახლეობასთან და არ დაეკარგა გარკვეული დრო, დღეს შეიძლება სულ სხვა სურათი ყოფილიყო''-,
განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის თქმით, ნამახვანჰესის პროექტი არ უნდა დაზიანდეს, სახელმწიფო კი მზად არის ლიდერობისთვის მსგავსი ტიპის პროექტებში.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი შესაძლოა მთავრობის მეტი ჩართულობით განხორციელდეს. მინისტრის განმარტებით, ეს უფრო მეტ გარანტიას მისცემს ყველას.

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მედიაციის პროცესი გასული წლის ივნისში დაიწყო. ენერგოგაერთიანებას ნამახვანჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება და პროექტის გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები უნდა შეეფასებინა. რიონის ხეობის მცველებმა მედიაციაში მონაწილეობაზე უარი პროცესის დასრულებამდე ორი თვით ადრე თქვეს.

ნამახვნჰესის მშენებელმა კომპანია ENKA Renewables-მა, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე 22 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან "ენკას" როგორც გასვლის, ასევე  დარჩენის შანსები თანაბარი იყო.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ხეობის მცველები ღამეებს ისევ კარვებში ათენებენ და პროტესტის შეწყვეტას საკითხის გარკვევამდე არ აპირებენ, რაც ხეობიდან "ენკას" საბოლოოდ გასვლას და პროექტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს.


Print