ახალი ამბები
იმერეთში 35 სოციალური აგენტია გაფიცული
FaceBook
იმერეთის რეგიონში, სოციალური მომსახურების  სერვის-ცენტრის 146 თანამშრომლიდან 35 გაიფიცა.

მათი  თქმით, სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ზესტაფონი, ქუთაისი, თერჯოლა ხარაგაული, ბაღდათი - ეს ის  რაიონული ცენტრებია, სადაც სულ მცირე ერთი აგენტი მაინც არის  გაფიცული. 

გაფიცვას უერთდება ქუთაისის მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომელი მანუჩარ ბოდოკიაც. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხელფასების მომატების დაპირების მიუხედავად, კოლეგების მოთხოვნას მაინც უერთდება. 

"განცხადება წავიკითხე, ნაწილი მისაღებია, ნაწილი - არა, მაგრამ მე ვალდებული ვარ შევუერთდე  ჩემი კოლეგების ცენტრალიზებულ გაფიცვას. დღეს მეც მოვედი სამსახურში, მაგრამ სამუშაოს არ ვასრულებ", - ამბობს მანუჩარ ბოდოკია. 

ის გვიყვება, რომ პანდემიამ მათი ხელფასები მკვეთრად შეამცირა, რადგან, შრომის ანაზღაურების გამომუშავებითი ნაწილი სრულად ჩამოაკლდათ. 

"პანდემიის გამო აღარ ხდებოდა ოჯახების შემოწმება, შესაბამისად, ის მიზერული თანხა, რომელიც  განცხადების შევსებით გვერგებოდა, ცხადია, ჩამოგვაკლდა. სწორედ, ამაზე უნდა იფიქროს ხელმძღვანელობამ, როგორ შეიძლება 300 ლარით იარსებოს დღეს ოჯახმა",- ამბობს გაფიცული სოციალური აგენტი.


ქუთაისის სერვისცენტრი

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის  სერვისცენტრის ხელმძღვანელი  ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ გაფიცვის მიუხედავად, მოქალაქეებს სერვისი შეუფერხებლად მიეწოდებათ. 

"დღევანდელი მონაცემებით, არსად შეფერხება არ გვაქვს.  მომსახურების ცენტრში ერთი ადამიანი მაინც არის, რომელიც მოქალაქეს მომსახურებას გაუწევს. დღეს დილით უკვე უწყებამ გაავრცელა განცხადება ხელფასების მომატების შესახებ, ასე რომ,  ვნახოთ ხვალ რა იქნება", - ამბობს ნინო ჭიღლაძე. 

დღეს ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სოციალური აგენტი გაიფიცა. ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის ხელფასების ზრდა თებერვალში დააანონსა. 

Print