ახალი ამბები
"თითო შევსებულ განაცხადზე 4.90 ლარი გვრჩება" - გაფიცულ სოც. აგენტებს იმერეთიდანაც უერთდებიან
FaceBook
ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი დღეს დილიდან გაიფიცა.


პროტესტს იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული) რაიონული მომსახურების ცენტრის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ნინო ბოჭორიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში უფროს სოციალურ აგენტად მუშაობს. ამბობს, რომ მისი ფიქსირებული ხელფასი 250 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი განაცხადის შევსებაში 6 ლარს უხდიან, რომელსაც საშემოსავლო აკლდება. მისი თქმით, სააგენტო არ ანაზღაურებს მათი გადაადგილების ხარჯებს, რაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთია აგენტებისთვის.

"თითო შევსებულ განაცხადზე რეალურად 4.90 ლარი გვრჩება, დანარჩენი საშემოსავლოს მიაქვს. ხელფასი მაქვს 250 ლარი. არ არის გათვალისწინებული გადაადგილების ხარჯები, რომელიც ოჯახში მისასვლელად და განაცხადის შესავსებად გვჭირდება. ეს მაშინ, როცა ოჯახში სამჯერ მისვლის ვალდებულება გვაქვს. ეს ხომ ყველაფერი ხარჯია?! არ გაქვს უფასო დაზღვევა, რომელიც რეალურად გვეკუთვნის", - ამბობს ნინო ბოჭორიშვილი.

მასთან ერთად, სოციალური აგენტები გაიფიცნენ ქუთაისში, ბაღდათში, თერჯოლასა და ხარაგაულში.

ისინი ხელფასის მატებასთან ერთად მოითხოვენ დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.
Print