ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-მდე ზრდას აანონსებს
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სოციალური აგენტის გაფიცვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის ხელფასების ზრდას აანონსებს.

უწყების ინფორმაციით, სოციალური მუშაკების ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება.

"ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % - მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-ამდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-ამდე გაეზრდება, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი დღეს დილიდან გაიფიცა.

პროტესტს იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული) რაიონული მომსახურების ცენტრის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
Print