ახალი ამბები
"მე აქ ვარ იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს" - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ექსპრეზიდენტმა დარბაზში მსხდომებს მიმართა და ჰკითხა, მათი აზრით, რის გამო ზის იგი ციხეში. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილმა თავადვე უპასუხა და თქვა, რომ იგი პატიმრობაში იმიტომ არის, რომ საქართველო პუტინს არ ჩააბარა, იმ პუტინს, რომელსაც ბუქარესტის სამიტის შეთანხმების შეცვლა სურდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი გახდება.

"თქვენი აზრით, რატომ ვარ მე აქ? აქ ვარ იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს, იმის გამო, რომ არ შევცვალეთ ბუქარესტის ფორმულირება, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომლის შეცვლაც პუტინს სურდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას არ შეეძლო უკრაინაში ყოფნა და იმის მშვიდად ყურება, როგორ ნადგურდება ყველაფერი ის, რაც მან საქართველოში გააკეთა.

"ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, სკოლა, მეგობრები, წინაპრები და იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თავი გადადე, თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან და ეს ყველაფერი რაც გავაკეთე, ჩემ თვალწინ ინგრევა, მე ამ დროს უნდა ვიჯდე კომფორტულად უკრაინაში და მქონდეს ნორმალური ცხოვრება და ამავე დროს მივიღო ვითარება, როცა ჩემი ქვეყანა თვალსა და ხელს შუა ინგრევა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დაკავებულებს. 

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს.
Print