ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ობიექტების გასხვისებას გეგმავს
FaceBook
წყალტუბოს ადგილობრივი თვითმართველობა ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 5-10 წლით გასხვისებას გეგმავს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ობიექტების გასხვისებას იჯარითა და ელექტრონული აუქციონის წესით განახორცილებს. გასასხვისებელ ობიექტთა შორის არის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ღია კაფე-ბარი-398,0 კვ.მ. ჩოგბურთის მოედანი (კორტები), გასახდელი, მინი გოლფის მოედანი, დეკორატიული აუზები, პიქსელები, საპირფარეშო.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეკომენდაციით, წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთებზე შესაძლებელია მსუბუქი კონსტრუქციის შენობების განთავსება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელებისა და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების დადგმა. ასევე, საქორწინო ცერემონიის, ხელმოწერის რიტუალის შესაბამისი მსუბუქი კონსტრუქციის შენობის განთავსება.

აღნიშნულზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტი პროგრამის "ერთად ვიზრუნოთ წყალტუბოს მომავლისათვის" ფარგლებში დღეს 12:00 საათზე ღია კარის დღეს  მოაწყობს.  

"საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ, წყალტუბოს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტების წარმატებით განხორციელებამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი წყალტუბოს, როგორც უნიკალური კურორტის მიმართ. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა და დამსვენებელთა რაოდენობა", - განმარტავენ წყალტუბოს ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ღია კარის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება, რომელსაც იმერეთის მხარის გუბერანატორი გივი ჭიჭინაზეც დაესწრება.


Print