ახალი ამბები
,,ომიკრონის შემთხვევების საშუალო ასაკი 33 წელია" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
საქართველოში ომიკრონის 951 შემთხვევა დადასტურდა.


ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 10% ომიკრონია, თებერვალში კიდევ მოსალოდნელია 12 000- მდე შემთხვევა.

გამყრელიძის თქმით, ომიკრონის 921 შემთხვევიდან, ღრმა ეპიდკვლევა 621 შემთხვევაში ჩატარდა.

,,ომიკრონის შემთხვევების საშუალო ასაკი არის 33 წელი, ანუ უმეტესად ახალგაზრდები არიან. ინფიცირებულების 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი შემოტანილია არაბეთის ქვეყნებიდან'',- განაცხადა გამყრელიძემ.

ომიკრონის ინფიცირების 11 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. კლინიკაში ამ დროისთვის 4 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ამირან გამყრელიძის თქმით, რეანიმაცია არც ერთ მათგანს არ დასჭირდა.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.
Print
თეგები: #ომიკრონი