ახალი ამბები
"აპარატები გაფუჭებულია" - ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრები თანხას ვერ იხდიან
FaceBook
ქუთაისში, ახალ მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის სისტემა ისევ გაუმართავია, რის გამოც, მგზავრები  თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.

დილიდან თანხას ვერ იხდიან მგზავრები #19 ავტობუსში, რომელშიც  წყობიდანაა გამოსული აპარატი. მძღოლს, რომლისთვისაც თანხის მიწოდება აკრძალულია, მგზავრების გაფრთხილება სათითაოდ უწევს.

"აპარატები არის გაფუჭებული და თანხას ვერ გადაიხდით".


მუნიციპალურ ტრანსპორტში სალარო აპარატების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა  არ არის.   ავტობუსებში სამგზავროს გადახდა  მუდმივად პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც მოქალაქეები უკმაყოფილებას  გამოთქვამენ, ბიუჯეტს კი შემოსავალი აკლდება.

"ასეთი უთავბოლო როგორ არის მერია, ფულის გადახდა გვინდა და  ვერ ვიხდით?! აპარატების მოწესრიგებას რა უნდა, ყოველ-დილა საღამოს რომ შეამოწმონ, რთულია?" - ამბობენ მგზავრები. 

შპს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანიც ადასტურებს, რომ თანხის გადახდის საკითხი ტექნიკური ხარვეზის გამო მუდმივი პრობლემაა, თუმცა, ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ. 

"დიახ, ეს  მუდმივი პრობლემაა, რომელსაც ვატყობინებთ ტექნიკურ საკითხზე პასუხისმგებელ პირებს და რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში ვცდილობთ მის მოგვარებას",  - ამბობს გიორგობიანი. 

რამდენიმე თვის წინ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეების მიერ სამგზავროს გადახდის მოწესრიგების მიზნით მონიტორინგი დაიწყო და რამდენჯერმე ავტობუსებში კონტროლიორებიც გამოჩნდნენ, თუმცა, ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია და შესაბამისად, სესხით შემოყვანილ  ავტობუსებში  თანხის გადახდა პრობლემურია. 







Print