ახალი ამბები
ცვლილებები, რომლებიც 2022 წელს ამოქმედდება
FaceBook
ქვეყანაში 2022 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.

იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ, ასევე ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ამასთან, იანვრიდან გაიზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.

პირველი იანვრიდან ბიზნესის ნაწილს თანამშრომლებთან ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ. თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).

ცვლილება განხორციელდება, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს.

2022 წელს სავალდებულო ხდება მართვის მოწმობის აღება მოპოდებზე, ვცლილება 28 მარტიდან ამოქმედდება.

2022 წლიდან მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ქუჩაშიც გახდება აუცილებელი, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში (ქუჩაში) მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. საუბარია, მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება.

ცვლილებებია ტექინსპექტირების წესშიც. 2022 წლის იანვრიდან არ ამოქმედდება კატალიზატორის ვალდებულება. მისი ქონის ვალდებულება შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1-ლი იანვრიდან. თუ შემოგვყავს ახალი ავტომობილი, მხოლოდ მას მოეთხოვება კატალიზური გარდამქმნელის ქონა.

Print