ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს
FaceBook
აქტივისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობდნენ, პროტესტი შეწყვიტეს.

პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებაზე უარის თქმისკენ მხარდამჭერებს თავად მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა. ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატს უთხრა, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი აქტივისტები არ შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას.

"მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.
Print