ახალი ამბები
სხდომაზე, სადაც "ოცნება" უმრავლესობას ვერ აგროვებს, კოვიდინფიცირებულ დეპუტატს დისტანციურად ჩართავს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ, რომელიც ერთი დეპუტატის, ბექა ქებულაძის კოვიდით ინფიცირების გამო, უმრავლესობას ვერ აგროვებს, ინფიცირებული წევრის სხდომაზე დასწრება ონლაინ ჩართვით გადაწყვიტა.

ბექა ქებულაძე სხდომას, სადაც ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, დისტანციურად დაესწრება. ეს გადაწყვეტილება უმრავლესობამ, სავარაუდოდ, იმიტომ მიიღო, რომ შიშობს ქვორუმი არ შედგება, რის გარეშეც სხდომას ვერ ჩაატარებს.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატის დისტანციურად დასწრების გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიცია.  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კანონის გვერდის ავლით ცდილობს სასურველი შედეგის მიღებას.

"დღევანდელ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს ქუთაისის ბიუჯეტი, ასევე, ქუთაისის მერია აპირებს ხელფასების გაორმაგებას. ქუთაისის მერმა და "ქართულმა ოცნებამ" კი მოიფიქრა "ნოუჰაუ" და აპირებენ, რომ "ქართული ოცნების" ერთი წევრი, რომელიც ინფიცირებულია, ჩაერთოს ტელეფონით სახლიდან. მათ კარგად იციან, რომ უმრავლესობის გარეშე საკითხს ვერ გაიტანენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრებს შეეძლებათ ზღვის რესტორნებიდან, სახლებიდან, ავტომანქანებიდან, სათხილამურო კურორტებიდან ჩართვა და ასე გადაწყვეტილების მიღება. ასე ცდილობენ კანონის გვერდის ავლით ხმების მოგროვებას", - აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის საკრებულოში ადასტურებენ, რომ ბექა ქებულაძე სხდომას დისტანციურად დაესწრება და აცხადებენ, რომ ეს ლეგიტიმურია.

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს უმრავლესობას გადაწყვეტილების შეცვლისთვის დროს სხდომის დაწყებამდე აძლევს.

ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან.

აღმასრულებელი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს დასამტკიცებლად დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს.


ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი ვარიანტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print
თეგები: #ბიუჯეტი 2022