ახალი ამბები
ქუთაისის მერია რუას აბანოების განაშენიანების კონცეფციის შერჩევაზე კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია, წლების განმავლობაში მოუვლელი, უძველესი ბუნებრივი აბანოების განაშენიანების იდეების კონცეფციაზე კონკურსს აცხადებს.
საუბარია რუას ქუჩაზე მდებარე  ისტორიული აბანოებისა და მიმდებარედ  აუთვისებელი ტერიტორიების  მოწესრიგებაზე.

კონკურსი ,,საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ფარგლებში  ცხადდება.

მერიის მიერ გამოცხადებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით,  კონკურსის მიზანია  ქუთაისის, როგორც რეგიონული ცენტრის როლის განვითარების ხელშეწყობისათვის, ქალაქის ისტორიულ-კულტურული, ტურისტული ცნობადობის გაზრდა, ქალაქის ვიზიტორებისათვის ახალი მიზიდულობის არეალის გაჩენა, მისი განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:

I ეტაპი - განაცხადების მიღება;

II ეტაპი - განაცხადების განხილვა და გადარჩევა;

III ეტაპი - შერჩეული პროექტების პრეზენტაცია;

განცხადებები მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა Kutaisi.gov.ge და Facebook გვერდზე მიიღება, რომელიც  2022 წლის 17 იანვრის 15:00 საათზე დასრულდება.

საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდება ერთი საუკეთესო კონცეფცია, რომელიც პრემიის სახით 4 000 ლარს მიიღებს.  სწორედ, ამ კონცეფციის მიხედვით მოხდება  ტერიტორიის კეთილმოწყობა.

აღსანიშნავია, რომ რუას აბანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში  "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მოექცა, მანამდე ტერიტორია მიტოვებული და მოუვლელი იყო.

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რუას კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოები მე-12 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავის დროზე, სწორედ რუას წყლის სამკურნალო თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე დასახლების საბაბი.


ამავე თემაზე:

,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რუას ისტორიული აბანოები მოწესრიგდება
Print