ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო
FaceBook
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქუთაისის მერია საახალწლოდ ტრადიციული ნობათით უმასპინძლდება. ნობათების გადაცემა დღეს დაიწყო.
გაყინული ქათამი, ზეთი, შაქარი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, რძე, კარაქი, ღვინო და შოკოლადის კანფეტი - ეს ის სასაჩუქრე კალთა, რომელიც ქალაქში რეგისტრირებული 4 000 -მდე შეჭირვებული ოჯახი მიიღებს.

საახალწლო ნობათს სოციალურად დაუცველი ოჯახები, "მადლიერების სახლის" ბენეფიციარები, შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები , 100 და მეტი წლის ადამიანები და ღვაწლმოსილ მოქალაქეები მიიღებენ.

საახალწლო ნობათების მიღება ბენეფიციარებს ნიკეას N19-ში შეუძლიათ, ნაწილს კი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილებზე დაურიგებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ფორმით წლებია გაჭირვებულ ოჯახებზე "ზრუნავს" და თითქმის უცვლელ მენიუს და ასევე, უცვლელ რაციონს სთავაზობს.

მერიამ ამ მოსახურებისათვის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო ნობათების გადაცემის ვალდებულება შპს "კვებამ" 197 960 ლარის სანაცვლოდ აიღო.

დოკუმენტის მიხედვით, სურსათი ხარისხიანი უნდა იყოს, რომლის ვარგისიანობა 20 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
Print