ახალი ამბები
პარლამენტს, დღეს წარედგინება საკანონმდებლო პაკეტი,რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება
FaceBook
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

"2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას. ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გარკვეული დანაშაულები გამოიძიოს, ხოლო მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან.

ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, აღნიშნული ფუნქციები გაიმიჯნოს და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას", -
წერია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო ქვემდებარეობა გაეზრდება - სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას "სისხლის სამართლის კოდექსის" სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მათ მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.



Print