ახალი ამბები
კულტურის სამინისტრომ კიდევ სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
FaceBook
კულტურის სამინისტრომ,  გორის გიორგი ერისთავის სახელობის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობისა და სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად, კონკურსი გამოაცხადა.

ჯამში, კონკურსი 7 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს შეეხო. 

მანამდე, 8 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა 4 თეატრში: გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატულ თეატრში და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში. 

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ. 

ასევე, 24 დეკემბერს გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გასდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით, დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება. დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
Print