ახალი ამბები
"ეს არის დაცინვა" - "ნაციონალური მოძრაობა" მერის გაზრდილ ხელფასსა და გაძვირებულ ტრანსპორტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", ქუთაისში ოთხ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ტარიფის გაზრდასა და ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელფასის გაორმაგებას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, მერისთვის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა მოქალაქეების დაცინვაა.

"იმ ფონზე, როდესაც ქუთაისის ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე გაიზარდა ტარიფი 50 დან 70 თეთრამდე, ქუთაისელთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა არის ქუთაისელთა დაცინვა. საერთო ჯამში, ქუთაისის მერის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, სულ კი ხელფასებში 33 მილიონი ლარი იხარჯება
", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქუთაისის მერიას 25 მილიონიანი ვალი აქვს, "ქართული ოცნება" ხელფასების ზრდაზე უარს მაინც არ ამბობს. გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ თუ მმართველი პარტია ამაზე უარს იტყვის, ქუთაისის მერია დაზოგილი თანხით 4 წელიწადში 28 მილიონი ლარის დაზოგავს, რაც ამ ვალის დასაფარად საკმარისი იქნება.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ქართულ ოცნებას უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული თანხა მიმართოს ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებაზე.

ქუთაისის მერის გაზრდილი ხელფასი 5500 ლარს შეადგენს.  4400 ლარი ექნება მერის პირველ მოადგილეს, ხოლო 3850 ლარი მეორე მოადგილეს.  ამ ფონზე,  20 თეთრით გაძვირდა მგზავრობა ქალაქში ოთხი მიმართულებით (N1, N2, N3, N5) მოძრავ ტრანსპორტზე.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც მგზავრობის საფასური გაზარდა, კერძოა, ხოლო რაც შეეხება, მერის ხელფასის გაზრდას, ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

Print