ახალი ამბები
ზედამხედველობის სამსახური წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების შემოწმება დაიწყო
FaceBook
წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟების მიერ, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება იმ რეგიონები, სადაც წიწვოვანი ტყეებია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში.

,,რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია.

იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო'',-
გავრცელებულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე.

საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც.ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


Print