ახალი ამბები
მკვლელობაზე პასუხი აგოს, ვინც ეს ჩაიდინა - რას ამბობს მეუფე იოანე შერიგებაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანეს განმარტებით, შენდობა და შერიგება მაშინ იქნება, როცა დანაშაული იქნება აღიარებული.
მისი თქმით,  ეკლესიამ მხარეებს შორის შერიგება 1991 წელს ითავა, თუმცა,  რუსთაველზე სისხლისღვრით დასრულდა. 

"ამიტომ, მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება.

თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მას, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“, - განაცხადა მეუფე იოანემ. 




16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება გაიმართა.

საახალწლო წვეულებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, ასევე პარტია „საქართველოსთვის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. ასევე, იმყოფებოდნენ ეკა ბესელია, ანა დოლიძე, ნინო ბურჯანაძე, თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე, კახა ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მიღებას წინ უძღოდა 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პირობის დადება, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.
Print