ახალი ამბები
იმერეთის სამ ქალაქში ,,ქურდული სამყაროს'' წევრობისთვის ხუთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში,ზესტაფონში, თერჯოლასა და თბილისში ,,ქურდული სამყაროს'' წევრობისთვის ხუთი პირი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით,ფინანსური უთანხმოების გამო, მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს "ქურდული სამყაროს" წევრებს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს".

"ქურდული სამყაროს" წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული "კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდებთან", რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას''
,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print