ახალი ამბები
ელექტრობატარეები ელექტრომობილების ქარხნის ნაცვლად - მთავრობის შეცვლილი დაპირება ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის სამწლიანი დაპირების შემდეგ, ხელისუფლება ადგილზე ელექტრობატარეების წარმოების დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის გამო ელექტრომობილებზე მოთხოვნა მსოფლიოში შემცირებულია. ამავე მიზეზით, მთავრობამ უარი თქვა საჯარო სექტორის ასეთი ტიპის ავტომობილებით მომსახურებაზე გადაყვანასა და ამ მიზნით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, რადგან, პანდემიის გამო ქვეყნის ბიუჯეტში სხვა პრიორიტეტებია.

"ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც იწყებოდა დიდი იმედებით, მაგრამ მის შემდგომ მსვლელობაში პანდემიამ კრიტიკული როლი შეასრულა. მსოფლიოში ძვირად ღირებული ავტომობილების, ელექტრომობილების შეძენაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ის გეგმები, რაც მთავრობას გვქონდა, რომ საჯარო სექტორიც უნდა გადასულიყო ელექტრომობილებზე და ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და ადგილობრივი წარმოებისთვის მხარი დაეჭირა, გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიუჯეტი ახლა სხვა პრიორიტეტებითაა დატვირთული;

თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ არა უშუალოდ ელექტრომობილების, არამედ მაგალითად, საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების შექმნის პროექტზე, რომელიც შინაარსით მიახლოებულია ამ პროექტთან. აქაც ენერგიის დაზოგვასა და მწვანე ენერგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოების კლასტერი განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ როცა ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, ეს ქარხანა ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დაანონსდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დაპირების მიხედვით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე 2020 წლიდან უნდა გასულიყო. ქარხანას წელიწადში 40 000 ავტომობილი უნდა ეწარმოებინა, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 000 ევროკავშირში საექსპორტოდ.

იმავე წელს, კომპანია "აიგრუპს", რომელსაც ადგილზე ელექტრომობილების წარმოება უნდა დაეწყო, ეკონომიკის სამინისტრომ ქარხნის მშენებლობისთვის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.

ამის შემდეგ, ქარხნის მშენებლობის დაპირება რამდენჯერმე გაიცა. ბოლოს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ორი თვის წინ მან იმერეთში ვიზიტის დროს თქვა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების გამოშვება მალე დაიწყებოდა. 

ამავე თემაზე:

კომპანიას, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას აშენებს, მიწა ერთ ლარად გადაეცა

რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხანა უნდა აშენდეს (ვიდეო)

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას ულოცავს

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო
Print