ახალი ამბები
ფილმი ბუნების „მოთვინიერებაზე“ - პრემიერა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ქართული დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ ჩვენება გაიმართება. 

ფილმის რეჟისორია სალომე ჯაში. ფილმს ქუთაისში პირველად აჩვენებენ. 

სეანსები 17 - 18 დეკემბერს  მოეწყობა "კინო საქართველოში". 

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და კითხვა-პასუხი ფილმის რეჟისორთან, სალომე ჯაშთან.

ფილმის სინოფსის თანახმად,  „მოთვინიერება“ საქართველოს ზღვისპირეთში ასწლოვანი ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანის პროცესს ასახავს. საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ყველაზე შეძლებულ კაცს ქვეყანაში, გამორჩეული ჰობი აქვს.

ის დიდ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი ხელქვეითები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ზღვისპირეთიდან რთული საინჟინრო მექანიზმებით ძირფესვიანად თხრიან ხეებს, მიაგორებენ ხმელეთზე, მიაცურებენ ზღვით და ბოლოს მის კერძო ბაღში რგავენ.

ბაღი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის სახელითაა ცნობილი. ფილმი საქართველოში ყველასთვის ცნობილ პროცესს ასახავს - ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვასა და გადარგვას. თუმცა ფილმში ამბავი ალეგორიულადაა მოთხრობილი, როგორც მითი ბუნების, სამყაროს მოთვინიერების შესახებ.

ფილმის ჩვენებები ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდისა და ჰანრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ფილმი ნაჩვენები იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაზე. ფილმი ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტია.
ფილმი წარდგენილი იყო მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე.
Print