ახალი ამბები
„მაქსიმალურად ქუთაისზე მორგებული“ - ქუთაისში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, კულტურის სტრატეგიის შექმნაზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მერიაში შექმნილი სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი, Creative Solution- ის წარმომადგენლებთან ერთად კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

პირველ შეხვედრაზე გაიმართა დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია, ჩატარდა სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, გაიმართა დისკუსიაც, სადაც ისაუბრეს კულტურის განვითარების სტრატეგიის ფორმირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

Creative Solution - ის წარმომადგენლის ზვიად მჭედლიშვილის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ როგორია ამჟამად ქუთაისში კულტურული ცხოვრება და კონკრეტულად რა საჭიროებები აქვს ქალაქს ამ მიმართულებით.

"ის რაც სხვა ქალაქებში ხდება და არსებობს გამოცდილება ეს არ არის აქსიომა. თუკი ქუთაისს დასჭირდება რაიმე კონკრეტული და განსაკუთრებული მიდგომა ჩვენ იმ განსხვავებული და კონკრეტული მიდგომის იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ მერე შევცვალოთ და იმ გზით ვიაროთ რაც ქუთაისს მოერგება. ჩვენი ამოცანაა ეს დოკუმენტი იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული და მაქსიმალურად ქუთაისზე მორგებული დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ფაქტობრივად შევძლებთ იმის განსაზღვრას თუ სადა ვართ მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ ნაკლული პროდუქტების შევსებაზე".

კულტურის სფეროს პრიორიტეტად ქცევაზე ისაუბრა ქალაქის მერმაც იოსებ ხახალეიშვილმა.

"ჩარჩოებში  მოქცეული კულტურა არ არსებობს. რაც შეიძლება მეტად ამბიციური უნდა იყოს ჩვენი მიზნები არავითარი შეზღუდვები, რაც მეტად კრეატიული იქნება მით უკეთესი. ქუთაისისთვის კულტურა იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი", -აღნიშნა ქალაქის მერმა.

ქუთაისში კიდევ 12 მსგავსი შეხვედრა მოეწყობა კულტურის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან თუ რიგით მოქალაქეებთან, რომელთაც სურვილი გაუჩნდებათ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართვაში.

სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტზე სამუშაოდ 6 თვე ეძლევა. შემუშავებული დოკუმენტი საბოლოოდ ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

"საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ეს დოკუმენტი და მის განხორციელებაზე მოითხოვოს პასუხი. თუმცა მარტო საკრებულოსა და მერიის მხრიდან პასუხისმგებლობა არ  იქნება. მერიის და საკრებულოს უფლება-მოვალეობაა თქვენგანაც მოითხოვოს პასუხი. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება-პასუხისმგებლობები მათი განხორციელების გზით ვიაროთ ყველა ერთად რომ გავიდეთ შედეგზე. მარტო ვერც სახელმწიფო და ვერც სექტორი შედეგზე ვერ გავა. ეს არის ჩვენი ამოცანა".

Creative Solution - ის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტის შემუშავებაში სახელმწიფოა ჩართული ამით ხელოვანებს შემოქმედებითი თავისუფლება არ შეეზღუდება. 

"მეც ხელოვანი ვარ და პროტესტსა და ამბოხზე ორიენტირებული.  რაც მეტი ამბოხი იქნება, მით უფრო შედეგიანი გამოვა რეზულტატი".

დასრულებული დოკუმენტი EU4Culture კიდევ ერთ კონკურში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს 300 000 ევროს.

იმ შემთხვევაშიც თუკი ვერ გაიმარჯვებს ქალაქს დარჩება კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი და დაპირება ქალაქის მაღალი პირებიდან რომ დაფინანსებას მოიძიებენ ამ პროექტის ასამოქმედებლად.

EU4Culture 2021 - 2024 წლებში ხორციელდება.

ქუთაისმა აღნიშნული გრანტი ზუგდიდსა და ფოთთან ერთად კონკურსის გზით მიიღო.
Print