ახალი ამბები
"გაგვიძვირეს" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დაზარალებულების პროტესტი
FaceBook
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "ემ ფაინენსის" მიერ დაზარალებული 160 მოქალაქე  "საქართველოს ბანკის" ოფისის წინ შეკრიბნენ.
ისინი ახალი ხელშეკრულების პირობებს აპროტესტებენ, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ "საქართველოს ბანკს" გადააბარა.

მათთვის მიუღებლია ის მაღალი პროცენტი, რომელსაც აღნიშნული ბანკი სთავაზობს.

"ოქრო მქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, რომელიც ახლა უკვე "საქართველოს ბანკის" მფლობელობაშია, რადგან ჩანს, "ემ ფაინენსმა" თავისი ვალდებულება ამ ბანკს გადააბარა. პროტესტი გვაქვს იმის გამო, რომ "საქართველოს ბანკმა" პროცენტი გაგვიძვირა. ჩემი თანხა იყო 9 860 ლარი, ახლა კი 10 820 გახდა. ბანკი გვეუბნება, თუ გაწყობთ ეს თანხა გაწყობთო, თუ არა დატოვეთ ოქრო და წადითო'', - ამბობს დაზარლებული მაია მესხი.

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ მათ პორტფელი და ვალდებულები არ შეუძენიათ და ახლა ინდივიდუალურად განიხილავენ მომხმარებლებთან ხელშეკრულებას.

"ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მომართვას განვიხილავთ ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ვეცდებით მომხმარებლებს დავეხმაროთ მათთვის საჭირო კითხვებზე პასუხის მიღებაში".
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ფაინენსმა" მომხარებლებს ბაზრიდან გასვლის შესახებ შეტყობინება სმს სახით შეატყობინა. 






რეესტრის მიხედვით, შპს „ემ ფინანსი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც არის ბესიკ მაჩიტიძე. ის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. სხვა ბიზნესი ბესიკ მაჩიტიძის სახელზე საქართველოში არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, რომელთა ნივთები „ემ ფინანსიდან“ „საქართველოს ბანკში“ გადავიდა, სულ 10 700-ს აჭარბებს, აქედან თბილისში 5 900-მდეა, ქუთაისში კი 4 800-ზე მეტი.

Print