ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო ფეიერვერკში 30 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
31 დეკემბრის ღამეს, ქუთაისში გალა-კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება.

მერია ღონისძიებაში 30 000 ლარს დახარჯავს.

ქუთაისის მერიას 2022 წლის შესახვედრად
11 ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათი უმრავლესობა საბავშვოა. 31 დეკემბერს გაიმართება ბერიკების თეატრალური წარმოდგენა, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით საბავშვო დადგმა, საცირკო წარმოდგენა ბავშვებისთვის, დრამერების შოუ-მსვლელობა, სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობა და გოზინაყის დამზადება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომლის მონაწილეთა ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

უცნობია ისიც, როდის აპირებს მერია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათებას.

ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი 7 იანვარს. შობა დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყობა.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.
Print