ახალი ამბები
გელათის მთავარ ტაძარში შესაძლოა სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო
FaceBook
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში შესაძლოა სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო.

„ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. მეკითხებით, რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწევა სამინისტროსთვის და ჩემთვის ეს არის სახურავი, რომელიც მოსახსნელი თუ იქნება, და 90%-ით ალბათ ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად. აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ – შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო, ისე, რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება ეს დააზიანოს.

ვნახეთ, რომ გადახურვას, რომელიც დროებით მოეწყო ზამთარში, ისე ჰქონდა მილები გაკეთებული, რომ ისინი ჩაედინებოდა საძირკველში ან პირდაპირ ესხმებოდა წვიმის წყალი ფასადს. როდესაც ეს კომპანია ცდილობდა დროებითი გადახურვის მოწყობას, ახალ პრობლემებს ქმნიდა. შესაბამისად, ჩვენ მაშინვე გავეცით რეკომენდაცია ძეგლთა დაცვის სამინისტროზე, მილები მოწესრიგდა და წყალი მართლაც განერიდა ძეგლს

აღმოჩნდა, რომ სახურავზე კრამიტი დაიგო ისე, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამის შემდეგ, როდესაც უკვე მე მომეცა შესაძლებლობა გადამენაცვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ივნისშივე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, რომელიც კრამიტს ეძღვნება. ჩვენ როგორც წითელ, ასევე, თეთრ კრამიტს ჩავუტარეთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი არ უძლებს ყინვამედეგობის და წყალმედეგობის სტანდარტს. ჩვენ პირველად სწორედ ამ დროს ჩავატარეთ ექსპერტიზა იმ დუღაბზე, რომელიც მოთავსებულია სახურავის ხის სტრუქტურასა და კრამიტს შორის", - განმარტა პარლამეტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა.

გელათის სამონატრო კომპლექსში არსებულ დაზიანებებს იტალიელი ექსპერტები სწავლობენ. უცხოელი ექსპერტები ტაძარში დაახლოებით 20 დღეზე მეტია მუშაობენ. ამ ხნის განმავლობაში კი გელათი დაკეტილი იყო.

იტალიელი კლიმატოლოგის დასკვნის საფუძველზე, გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს. ტაძარში არსებულ დაზიანებებს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი სწავლობდა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print