ახალი ამბები
საგამოფენო სივრცე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" აღარ აშენდება. შპს "ამერიკული სასტუმროების ჯგუფმა" პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.

შენობაში ახლა მერია საკონფერენციო და საგამოფენო სივრცის მოწყობას გეგმავს. პროექტზე 15 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

"ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული ლოკაციით აღარ ვართ დაინტერესებული, თუმცა, ქუთაისში გვაქვს გეგმაში ამ პროექტის განხორციელება. ჯერ ინვესტორთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა და შემდეგ კოვიდის გამო შეფერხდა პროცესი",
- განაცხადა შპს "ამერიკული სასტუმროების ჯგუფის" დირექტორმა მარიამ ღვინჯილიამ.

რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება და როგორი იქნება წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი მუზეუმის ყოფილი შენობა, ქუთაისის მერიაში ამ შეკითხვებს არ პასუხობენ.

ქუთაისის ცენტრში, მიტოვებული შენობის ადგილზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ქუთაისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია აწარმოებდა. "ამერიკული სასტუმროების ჯგუფის" მაშინდელმა დირექტორმა ქუთაისის მერიაში საჯაროდ მოაწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ეკონომიკის სამინისტროს კი მუზეუმის ტერიტორიის (735 კვ.მ) პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემას სთხოვდა. თემურ ჭყონია, სანაცვლოდ, ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 50 ადგილობრივის დასაქმების პირობას დებდა. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. სახელმწიფომაც ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ჯერ ქუთაისის მერიას შენობის მიმდებარედ არსებული 221 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაათმობინა, შემდეგ კი სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება "საპარტნიორო ფონდს" გადასცა. ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა ამ დრომდე მის ბალანსზე რჩება.

ქონების ფონდისთვის გადაცემა, ინვესტორისთვის პროექტის განხორციელების გამარტივებას ემსახურებოდა. "საპარტნიორო ფონდი", რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, მსხვილ ინვესტორებს ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. ინვესტორთან შეთანხმება კონკრეტული პირობებით ხდება. ფონდი ინვესტიციის საერთო მოცულობის 5%–დან 49%–მდე აფინანსებს. ინვესტორმა კი კონკრეტულ ვადაში აღნიშნული თანხა სახელმწიფოს უკან უნდა დაუბრუნოს.

საბოლოოდ, როგორც ირკვევა, ქუთაისში 10 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება არ გამოვიდა. მერიის გეგმა კი ბუნდოვანია, მით უფრო, რომ თვითმმართველობაში პროექტზე საუბრის პასუხისმგებლობა არავინ აიღო. ქუთაისის მერიის მიერ ქუთაისიპოსტთან თანამშრომლობაზე უარის თქმა უკვე ტრადიციად იქცა.

როგორ გამოიყურება ისტორიული შენობა დღეს, ნახეთ ვიდეო.

Print