ახალი ამბები
"ამ სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ აქედან ცოცხალი არ გავიდე" - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
„მთელი ეს პროცესი არის ფარსი და  ჩვენი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა დღეს 2 დეკემბერს სასამართლოს წინაშე გამოსვლისას.  

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ის არის პირადი მსხვერპლი ივანიშვილისა  და პუტინის. ამიტომ სამართლიანად არ თვლის მის გასამართლებას იმ სასამართლოს მიერ, რომელიც პოლიტიკურად მართულია.

სააკაშვილი მიმართავს საზოგადოებას, რომ მას მხარი დაუჭირონ.  

"ხომ არ ჯობია თქვენც დამიჭიროთ მხარი, რადგან  მთელი ეს პროცესი არის ფარსი და  ჩვენი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია მოითხოვოთ ტყევეობიდან ჩემი გამოხსნა და როცა ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო  ერთ ან ორი წელიწადში  და ეს მსახიობები არ იქნებიან,  გაძლევთ პატიოსან სიტყვას მზად ვარ წავრდგე იმ სამართლიანი სასამართლოს წინაშე  მან გამასამართლოს. იმას კი არ გთხოვთ მე დამიცვათ, არამედ დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ"


სააკაშვილი თვლის, რომ დღევანდელი სახელისუფლო სისტემა მის განადგურებას ცდილობს.

"ამ სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ მე აქედან ცოცხალი არ გავიდე".


სააკაშვილი მიმართავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც მას პოლიტიკურად არ ეთანხმებიან ან დაზარალდნენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 

"მინდა მივმართო ბევრ ადამიანს რომლებიც არ მეთანხმება პოლიტიკურად. მეგობრებო, მე ვიცი რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო. ცვლილებები და რეფორმები ჩავატარეთ და ბევრმა დაკარგა სამსახური. ვინც დაკარგა ყველა არ იყო კორუმპირებული. იყვნენ წესიერი ადამიანებიც მაგრამ სამსახური შემცირდა, გადაჯგუფდა, მერე ასაკობრივი დისკრიმინაციაც იყო. ეს ადამიანები აპირებენ ცოცხლად დამმარხონ. მაგრამ მეც მიმაჩნია რომ ეს იყო დისკრიმინაცია. ამიტომ  რატომაც არიან გაბრაზებული მესმის. Მზად ვარ ვაღიარო, სადაც ვარ დამნაშავე. მაგრამ ვიდრე აქ ვარ ჩემს სამშობლოში პუტინის მძევალი. Როგორ წარმოგიდენიათ ჩემი სიმართლის დაცვა და თქვენი სიმართლის გაზიარება?"

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქმის პროკურორს "ბინძური მატყუარა" უწოდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.


Print