ახალი ამბები
"მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაუგებარია როდესაც სინანულს ელოდებიან.   

"ბევრი მოთხოვნაა, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა ჩემს წინა გამოსვლაში და მეტი სინანული. პირველ რიგში, ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს დაახლოებით ისეთი სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისი აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე.

ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია - ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წამოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ",
- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქმის პროკურორს "ბინძური მატყუარა" უწოდა. 

ასე მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურორმა  განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.


Print