ახალი ამბები
„ქუთაისს გვერდი არ უნდა აუაროს“ - მუსიკოსები როკ-ფესტივალზე
FaceBook
ქუთაისში შესაძლებელია როკ-ფესტივალი ჩატარდეს

საამისოდ არსებობს იდეა  და ქალაქის  მერიის ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი 30 ათასი ლარი. 

ქუთაისში, რომელიც "როკ-ქალაქად" ითვლებოდა და ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის დაბადების ადგილად ( ეს სტატუსი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუმკვიდრდა), სადღეისოდ Როკ-ცხოვრება პრაქტიკულად გაჩერებულია. 

„ქუთაისური სცენა " მკვდარია და ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ ან დღეს, უკვე წლებია მსგავსი სიტუაციაა. კომპოზიციების ჩაწერა უმეტესად "Home Studio"- ში ხდება, ყველა თავისი სახსრებით აწყობს მინი სტუდიას სახლში და თვითონვე აკეთებს ჩანაწერს“, - ამბობს მუსიკოსი საბა ვაშაყმაძე.

ფესტივალი, მისი გამართვის შემთხვევაში, წესით პროცესის განახლება-გამოცოცხლებას უნდა მოემსახუროს. თუმცა ამ ეტაპზე მერიის მხრიდან ფესტივალით დაინტერესება აჩენს გარკვეულ კითხვებს და სკეპტიკურ განწყობებს რიგ მუსიკოსში. 

„სასიხარულოა , რომ არსებობს ფესტივალის ჩატარების სურვილი, მაგრამ მეორეა ვინ გთავაზობს ამას, რა პერიოდში და რა სახით?! ვგულისხმობ ქუთაისის მერიას. აქამდე დიდად არცერთ მერს არ შესტკიოდა გული.  დღეს ქუთაისში მუსიკოსებს არ ეტყობათ, რომ მათზე (განსაკუთრებით ამ პერიოდში) ვინმე ზრუნავდა და ფიქრობდა.  ჩაიშალა დაგეგმილი ღონისძიებები და ყველა დარჩა შემოსავლის გარეშე...სიმართლე გითხრათ პირადად მე არ მაქვს სურვილი მერიისგან რაიმე დახმარება მივიღო. ბევრი იტყვის, კონცერტს უკეთებენ და მაინც უკმაყოფილოები არიანო,  მაგრამ განვმეორდები და ვიტყვი , რომ გააჩნია დროს და პერიოდს , როდის ხდება ეს “, - მიაჩნია საბას.

სკეპსის პარალელურად არის სხვა დამოკიდებულებაც მუსიკოსებში. ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მათაც დაგვიანებული ეჩვენებათ, მაგრამ როკ-ფესტივალის დამკვიდრების და ტრადიციად ქცევის შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ ფესტივალს შეუძლია იმ დანაკარგის ამოვსება, რაც ქუთაისურ როკ-მუსიკას ბოლო წლებში მიადგა.

დაფინანსების შემთხვევაში ქუთაისელი მუსიკოსები მათი მხრიდან ფესტივალის გამართვის სირთულეს ვერ ხედავენ. მითუმეტეს, როცა ახლო წარსულშიც ჰქონდათ საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების გამოცდილება.
ქუთაისელი როკერების ანგარიშზეა მეტაფესტივალი „რევოლუცია“. შესაბამისად, მოეძებნებათ რესურსი და გამოცდილება შეძლონ ფესტივალის ორგანიზება. ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს მუსიკოსი ჯუბა ჯიმშელეიშვილი. 

„ჩვენ გვქონდა გამოცდილება. ფესტივალიც ჩაგვიტარებია და კარგადაც გამოგვსვლია, მათ შორის, საერთაშორისო ფესტივალი. თუკი ფესტივალი მერიიდან დაფინანსდება და გაკეთდება ძალიან კარგი იქნება. ჯგუფებიც მოვლენ ფორმაში და მოემზადებიან საფესტივალოდ", - ამბობს ჯუბა. 

თუმცა მუსიკოსი ხაზს უსვამს ფესტივალში ადგილობრივი რესურსის მაქსიმალურად ჩართვის აუცილებლობას.

„სამწუხარო იქნება, თუკი გვერდით ჩაუვლის ეს ფესტივალი ქუთაისელ მუსიკოსებს. ანუ თუკი ფესტივალი არ იქნება აქაურობასა და ადგილობრივ როკ ჯგუფებზე მორგებული", - მიაჩნია ჯუბას.

მუსიკოსი სხვა ასპექტის გათვალისწინებასაც მიიჩნევს სასურველად. 

"სანამ როკ- ფესტივალი ჩატარდება მანამდე სასურველი გაკეთდეს რაიმე ბაზა. ჯგუფებს უნდა მიეცეთ საშუალება და მუხტი იმისა, თუნდაც ამ ფესტივალისთვის მოემზადონ ყოველწლიურად. საამისოდ ქალაქში ელემენტარული  პირობები და ადგილი უნდა არსებობდეს, სადაც ჯგუფები იმუშავებენ".

ქუთაისელი მუსიკოსები ფესტივალის მოწყობისთვის არც თბილისელ ორგანიზატორებს იწუნებენ, მაგრამ  მათი თქმით, ფესტივალზე უნდა იყოს ქალაქის და ადგილობრივი მუშიკოსების ინტერესები გათვალისწინებული. 

"რაც მთავარია არ დაემგვანოს თბილისი Tbilisi Open Air 2-ს. არ გამეორდეს და არ გადათამაშდეს. მაქსიმალურად იყოს ჩართულობა ადგილობრივი მუსიკოსების".

მუსიკოსების და როკ-მუსიკის გაქრობა ქუთაისის კულტურის სცენიდან პრობლემას არა მარტო მუსიკალურ ჯგუფებს უქმნის. ეს აისახება ახალგაზრდებზეც.

ამას უსვამს ხაზს ჯუბა ჯიმშელეიშვილიც. 

"ახალგაზრდებმა არ იციან რას  მოუსმინონ. მაგალითს ვერ აიღებენ ვერავისგან ცოცხალი მუსიკა თითქმის არ მოუსმენიათ რის გამოც მოუნდებოდათ , ვთქვათ, მუსიკოსობა, "კარგი ტიპობა". ისინი დღეს  „სხვაგან“ არიან იმიტომ, რომ ვერ ხედავენ ვერავის ვისგანაც რაიმეს სწავლა მოუნდებათ და  მაგალითს ვერ იღებენ ვერავისგან", - ამბობს ჯუბა. 

ქუთაისის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ქალაქის საკრებულომ 24 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად,  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.


ფოტო: როკ-ფესტივალი „რევოლუცია“ ქუთაისში

Print