ახალი ამბები
სოციალურად დაუცველები და პენსიონერები დენის საფასურის გადახდისას საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ
FaceBook
2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.
რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები.

შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. მათი თქმით, საშეღავათო პერიოდი ბევრ სოციალურ დაუცველსა და პენსიონერს დაეხმარება.

სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს.

,,2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი არაუმეტეს 30 დღისა", -აცხადებენ სემეკში.

ყველა სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის პენსიონერი ან სოციალურად დაუცველი, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


Print