ახალი ამბები
"არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა"? - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართავს.

მისი თქმით, საქართველოში ყოფნის დღეებში, მის დაკავებამდე, იგი ხვდებოდა დაღვრემილ ადამიანებს, რომლებიც არც კი იღიმიან. მან ქართულ საზოგადოებას კითხვით მიმართა, მოენატრათ თუ არა მათ აღმშენებლობა და გამარჯვების ზეიმი და თუ ეს ასეა, მაშინ, მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება, უნდა დასრულდეს.

"მინდა მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, საქართველოს საზოგადოებას და დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, ტყვედ აყვანის წინ და ვნახე , რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, მე მინდა გითხართ თქვენ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ",
- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.


პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
Print