ახალი ამბები
,,არ ვაღიარებ ქართულ მართლმსაჯულებას'' - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას და პროკურატურას.
ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

,,არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო''  - ,
განაცხადა ექსპრეზიდენტმა პროცესის დაწყებამდე.

პროცესზე დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.

"ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა ახლა კამათი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
Print