ახალი ამბები
ვის უზღუდავს მთავრობა ონლაინ თამაშებს?
FaceBook
საქართველოში  სოციალურად დაუცველ პირებს და ასევე ერთ მილიონამდე სრულწლოვანს, ონლაინ თამაშში მონაწილეობა აეკრძალებათ.
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ონლაინ თამაშებზე დასაბეგრი თანხა 70%-მდე გაიზრდება.

,,ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარია, 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ''-, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო ონლაინ თამაშებს უკრძალავს იმ პირებს, ვინც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თვითშეზღუდვის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავენ,  ონლაინ კაზინო იკრძალება ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ შავ სიაში მოხვდებიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სათამაშო ბიზნესისთვის აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე მისი განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

სათამაშო ბიზნესს გააკონტროლებს შემოსავლების სამსახური, თანხის შეტანა და გამოტანა დაიშვება მხოლოდ ონლაინ კაზინოში რეგისტრირებულ პირზე, შეიზღუდება ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა.

შეზღუდვის ბოლო ნაწილი ეხება უცხოეთში თანხის გადარიცხვას, საგადახდო პროვაიდერებს მთავრობის გადაწყვეტილებით დაეკისრებათ ვალდებულება, მათი გამოშვების ბარათით არ დაუშვან უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესისთვის  თანხის გადახდა.

ონლაინ თამაშებზე დაწესდება ცალკე კონტროლი, რომელსაც შემოსავლების სამსახური გაუწევს მეთვალყურეობას.

მთავრობამ აღნიშნული პაკეტი უკვე მოამზადა და სამუშაოდ პარლამენტს გადაუგზავნა.
Print