ახალი ამბები
ტყიბულის კარიერზე დაშავებული მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, გარდაიცვალა
FaceBook
ტყიბულის კარიერზე დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ტყიბულში, ღია კარიერზე, სადაც ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, მიწის მასა 27 ნოემბერს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ორივე მამაკაცი მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა. სამუშაოების მწარმოებელმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც იგი მუშებს ვერ დაუკავშირდა და მათ სანახავად ადგილზე მივიდა.

მაშველებმა ერთი მამაკაცი ცოცხალი იპოვეს, მეორეს ცხედარს კი შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ქვანახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პოლიციაში უკვე გამოიკითხა სამუშაოების მწარმოებელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
Print