ახალი ამბები
"გირჩი" სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს
FaceBook
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საზოგადოებრივი კვლევის შეგედებს აქვეყნებს.
"გირჩის" კვლევა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს ეხება, რომლის შესახებაც პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

"გირჩის" მიერ გამოკითხული იქნა ქუთაისში მცხოვრები 415 მოქალაქე. გამოკითხულთაგან 62% არიან 35 წლამდე მამაკაცები, რომელთა 66,5%-ს ჯარი არ აქვს გავლილი, ხოლო 12,4 %-ს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი აქვს.

კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხული მამაკაცების დიდი ნაწილი (65%) თვლის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს, ხოლო 20,8% სამხედრო სამსახურის გაუქმებას არ ემხრობა, დანარჩენს კი პასუხი არ აქვს.

"გირჩის" მიერ გამოკითხულთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამ დროისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან. მათი უმეტესობა (50%) თვლის, რომ სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს, 37,5% გაუქმების წინააღმდეგია, ხოლო 12,5 %-ს პასუხი არ აქვს.

"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არსებული კანონმდებლობის დახვეწას ითვალისწინებს და არა მთლიანად სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რაზეც მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს.

"დღევანდელი სამხედრო სამსახური წარმოადგენს შრომით ბეგარას და არ შეესაბამება სამხედრო სამსახურის მიზნებს," - განმარტავენ "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციაში.


Print