ახალი ამბები
რიონისპირა სახლები - მერიის ოთხწლიანი დაპირება ბუნდოვანი პროექტით
FaceBook
რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის ბედი, რომელიც ქუთაისის მერიის 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მართალია, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ პროექტი 2022 წელს გაგრძელდება, თუმცა,  დაპირებიდან ოთხი წლის შემდეგაც არ არსებობს პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. ამას ემატება სასამართლოში დაუსრულებელი დავა, რომელიც ორი წელია პროექტის დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მიმდინარეობს.

საუბარია მუნიციპალური განვითარების  ფონდსა და შპს "კარკასზე". მხარეების სადავო თემა პროექტის განხორციელების მიმდინარეობა გახდა. უფრო კონკრეტულად, მგფ "კარკასს" ხელშეკრულებით კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ  კომპანია საპროექტო სამუშაოებს  განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.

თავის მხრივ, შპს " კარკასი" განმარტავს, რომ მათ მიერ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და პირიქით, ფონდი სამუშაოების შესრულების შესახებ გაგზავნილ დოკუმენტაციას შეგნებულად არ ნახულობდა. 

"დავა დასრულებული არ არის,  თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იმ თანხას დაგვირიცხავს, რა სამუშაოებიც გავწიეთ. მერე კი ჩვენს  პროექტს აჩერებენ", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  შპს "კარკასის" წარმომადგენელი გიორგი გეგეჭკორი.

პროექტის გაჩერებაზე არა, თუმცა,  მის ცვლილებაზე საუბრობს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი გივი გოგრიჭიანი. 

"მგფ ამ საკითხს ძალიან გაგებით მიუდგა. იგეგმება არა მხოლოდ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, რადგან  ქუთაისის მეცხარემეტე საუკუნე მხოლოდ ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე არ არის. მოხდება ამ პროექტის უფრო მასშტაბურად და ურბანულად  დაგეგმვა.  ამისთვის ალბათ, დამატებით პროექტზე კონკურსი თუ ტენდერი გამოცხადდება. რაც შეეხება, არსებულ პროექტს, რომლიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული არ გაუქმდება. მგონია, რომ მასში ცვლილებები შევა, იმის მიხედვით თუ რა საჭიროებები დადგება ტერიტორიის ურბანულ განვითარებას. ამაში  ჩართული იქნება ქალაქის ხელმძღვანელობაც", - განმარტავს გივი  გოგრიჭიანი. 

გოგრიჭიანი დარწმუნებულია, რომ  აღნიშნული პროექტი მომდევნო წელს დაიწყება, რადგან თვლის, რომ რიონისპირა სახლების მდგომარეობა სავალალოა და ის სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებას. 

აპირებს თუ არა ახალი პროექტის შექმნაზე ტენდერის  გამოცხადებას თუ არსებული პროექტით დაიწყებს რეაბილიტაციას, ამ კითხვებით რეგიონალური განვითარების ფონდს მივმართეთ, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხს  წერილობით მოგვაწვდიან.


რიონისპირა სახლების აღდგენა ქუთაისის მერიამ 2018 წელს  ყველაზე მასშტაბურ პროექტად დაასახელა.  რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000 ლარის ღირებულების  ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა 2019 წელს გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები კათოლიკურ უბანში უნდა გადანაცვლებულიყო, საბოლოო ჯამში კი, მთელი ისტორიული ნაწილი უნდა მოეცვა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარი იყო.

რიონისპირა სახლების პროექტის პირველი ვერსია
Print