ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ახალი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრებმა განიხილეს. ორი საათის განმავლობაში არკვევდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია აღმასრულებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტში სადავო საკითხებს. სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს, გაუჭირდა დაესახელებინა მისი სამსახურის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა და შესაბამისად ისიც, თუ რამდენით არის გაზრდილი მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, აღნიშნული სამსახურის პროგრამებისთვის გაწერილი თანხა. აღმასრულებელს არ ჰქონდა დაზუსტებული, რა პრინციპით უნდა გასცეს მომდევნო წელს თანხა ონკოლოგიური პაციენტების გამოკვლევების დასაფინანსებლად და არც ის იცოდა, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს დიაბეტის მქონე ადამიანების მკურნალობის დაფინანსების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ამ პროგრამის არსებობას აღნიშნულ ბიუჯეტში.

ფიქრია ხაჭაპურიძე თვლის, რომ მან კარგად დამუშავებული ბიუჯეტი წარადგინა.

"როგორ ვიმუშავებ თქვენი აზრით, თუ არ ვიცი რამდენია ამ წლის ან მომდევნო წლის ბიუჯეტი? შევყოვნდი იმიტომ, რომ თანხებში ცდომილება არ მქონოდა, გადავამოწმე კიდევ ერთხელ. ამიტომ გადის კომისიაზე, რომ მოხდეს საკითხების განხილვა და შენიშვნების მიღება. თუ ყველაფერი კარგად არის, ეს დემოკრატია არ არის", - განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.

კომისიამ სამსახურის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტზე სამი შენიშვნა უკვე დაწერა.

ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია კომისიის თავმჯდომარე.

"მცირე კორექტირება დაგვჭირდა. შეიძლება ციფრებში იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში გამართული იყო. სამი შენიშვნა გვქონდა", - განაცხადა მამუკა რიჟამაძემ.

საკრებულო ბიუჯეტის განხილვას აგრძელებს, რის შემდეგაც პროექტი კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნდება. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.

2022 წლის ქალაქის ბიუჯეტის მოცულობა, პროექტის მიხედვით, 82 მილიონამდე ლარი იქნება. მომდევნო წელსაც პრიორიტეტული სფეროები სოციალური, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.
Print