ახალი ამბები
საქართველოში, შესაძლოა, ონლაინ კაზინოები აიკრძალოს
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყანაში ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაზე საუბრობს.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და იქნება ასაკობრივი ბარიერი მისით მოსარგებლე პირებისთვის, შემდეგ ეტაპზე კი მათი საერთოდ აკრძალვა მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასაკობრივი ბარიერი ონლაინ კაზინოებში მოთამაშე პირებისთვის 25 წლამდე აიწევა.

,,1.5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ადამიანები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს. მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან. პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ვფიქრობთ, რომ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის, რომელთა უმრავლესობა უცხოურია და საუბედუროდ ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. ამ ფულის 99% არის გაჭირვებული მოსახლეობის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტთან აქტიურად იმუშავებენ და "ოპტიმალურ, გონივრულ" გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
Print