ახალი ამბები
იმედა კლდიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს დატოვებს
FaceBook
ქუთაისში, სუსის შენობის შესასვლელის ჩაკეტვის გამო დაკავებულ "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრს იმედა კლდიაშვილს, იზოლაციაში ყოფნის  ერთკვირიანი ვადა ეწურება.
საპატიმროს ის დღეს დატოვებს. ადვოკატის ანა ჩაფიძის განმარტებით, კლდიაშვილი ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად  შიმშილობდა. 

იმედა კლდიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციოში უკვე  გაასაჩივრა, თუმცა, ანა ჩაფიძის განმარტებით, სასამართლომ საჩივარი არ დაარეგისტრირა. 

"განკარგულება დღეს უნდა ჩამბარდეს და იქ იქნება მიზეზი მითითებული, თუ რატომ არ დაარეგისტრირა სააპალაციო სასამართლომ ჩვენი საჩივარი", - ამბობს ანა ჩაფიძე. 

კლდიაშვილი 12 ნოემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ქუთაისში სუსის შენობის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა და მისი გადაყვანა პოლიციამ მხოლოდ ევაკუატორის საშულებით შეძლო.

იგი ამ ფორმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ვადამდელ არჩევნებს და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდა.

იმედა კლდიაშვილის დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. ის პოლიციამ პირველ ნოემბერსაც დააკავა, როცა იგი "ოცნების" კოორდინატორის უსაფრთხოებას იცავდა, რომელმაც თქვა, რომ მას მეორე ტურის არჩევნებში გაყალბებას აიძულებდნენ.
Print