ახალი ამბები
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
FaceBook
სახალხო დამცველმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასარგებლოს მიმართა.

"დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში"
- განმარტა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.  

მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობისა და  უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინიციატივით სპეციალისტებმა მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი 49 დღეა შიმშილობს. 

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე აღძრულია საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზეც.
Print