ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
FaceBook
ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება შეისწავლა, შედეგებზე დღეს ისაუბრებს.

შესაბამის დასკვნას სწორედ ისინი წარადგენენ. სპეციალისტთა ჯგუფი სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა და მან მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გასცეს.

წუხელ, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 48 დღეა შიმშილობს. 

მიხეილ სააკაშვილი  პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის  მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.
Print