ახალი ამბები
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება
FaceBook
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალი და პროცესიც  მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.

როგორც ბექა ბასილაიამ მედიასთან განაცხადა,  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ.

„მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამისთვის აკეთებენ ყველა უკანონობას, სასამართლო იქცა სუს-ის ფილიალად. საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში არ წაუღიათ საქმე, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა,“
- განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს  მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.
Print