ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის სასამართლო პროცესს სასამართლოს დარბაზში ვერ დაესწრება.

პენიტენციური სამსახური მის სასამართლოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც. ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში.
Print