ახალი ამბები
ოპოზიცია დღეს თბილისში ორივე სანაპიროს გადაკეტავს
FaceBook
დღეს, ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, მეტრო "ავლაბართან" შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროსკენ გაემართებიან, სადაც გზას გადაკეტავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ეს აქცია იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ პროტესტი მწვავდება.

"მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა - არაადამიანური მოპყრობით მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიება"
, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აქცია ორ საათზე დაიწყება.


დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ჯერჯერობით, უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომას. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, იგი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა, მზად არის სასამართლოში გადასაყვანად.

როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სამსახურში შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი თქვა, რომ პროცესზე სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, სასამართლოსთან აქცია არ გაიმართება.

თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.
Print
თეგები: #აქცია