ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს პროცესზე არ გადაიყვანს
FaceBook
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

სამსახური მესამე პრეზიდენტის ეტაპირების დროს, ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.


"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი პროცესში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, უსაფრთხოების მიზეზები არ შეიძლება პატიმრისთვის სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვის საფუძველი იყოს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ახლა ცდილობენ სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება მოიპოვონ. 

Print