ახალი ამბები
სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად, აქცია რამდენიმე ადგილზე გაიმართება
FaceBook
დღეს, 13:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, პროცესის პარალელურად, 11 საათზე სამ ლოკაციაზე: ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროებისა და ე.წ. მოდულის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 13:00 საათზე კი პროტესტი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებს.

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სხდომას. მისი მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დასწრება მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში 9 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ იგი ციხიდან მოტყუებით გაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე 41 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მართავენ.

Print