ახალი ამბები
ძაღლის ან კატის მიტოვების შემთხვევაში, შესაძლოა, დაგაჯარიმონ
FaceBook
პატრონის მიერ ძაღლის და კატის მიტოვებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს.
ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტის ინიციატორები პარტია "მოქალაქეების"ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი არიან.

ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს კერძო  მეპატრონის 500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო თუ პატრონი იურიდიული პირი ან მეწარმეა, ამ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 1 500 ლარამდე იზრდება. განმეორების შემთხვევაში,  ფიზიკური პირი 1 000 ლარით, იურიდიული ან ინდ.მეწარმე კი 3 000 ლარით დაჯარიმდება.


"მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი,  მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა.  ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს'', - წერია კანონპროექტში.


"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს, 8 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.
Print