ახალი ამბები
გელათში კვლავ უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ
FaceBook
გელათი ისევ დაიკეტა. მონასტერში კვლავ უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ.

ექსპერტები მონასტერში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ სწავლობენ.  იტალიელი კლიმატოლოგის დასკვნის საფუძველზე, გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.   


ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირების თქმით, მონასტერი რამდენიმე დღეა დაკეტილია. 



"ვიზიტის მიზანია, UNESCO-ს ეგიდით, სამონასტრო კომპლექსში დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენა, რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავარი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს. ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდება. კლიმატოლოგ მასარისთან ერთად ექსპერტთა დელეგაციაშია მარიო პულიერი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე თვის ივნისში განხორციელებული საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია. ალესანდრო მასარის ვიზიტის მიზანია ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა და კედლის მხატვრობის მდგომარეობასა და მიკროკლიმატურ პირობებს შორის კორელაციის დადგენა, ხოლო კედლის მხატვრობის სპეციალისტი მოახდენს ტაძრის ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგს, რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გელათს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისშიც სტუმრობდა.


გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print