ახალი ამბები
„ქუთაისმა იძულების და გაყალბების მიუხედავად, მხარი დაუჭირა ცვლილებებს“ - ანა ნაცვლიშვილი
FaceBook
„გვაკადრეს კრიმინალური ქალაქი ხართო“, - აღნიშნა საპროტესტო აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა. 

ქუთაისში საპროტესტო აქცია "თავისუფლება მიშას" მიმდინარეობს. 

აქციას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა ქალაქებიდან შეუერთდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

ანა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქუთაისს ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ წაართვა განვითარების პერსპექტივა. 

„ქუთაისმა ამ გადამწყვეტ მომენტში - იძულების, გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ცვლილებებს. იმიტომ, რომ ქუთაისი განსაკუთრებით დაივიწყა და დაჩაგრა ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ,  წაართვა სტატუსი და წაართვა განვითარების პერსპექტივა. ბოლოს ისიც აკადრა - ღიად და საჯაროდ მოუხაზა ადგილი და უთხრა,  რომ მარტო ეს ხართო, კრიმინალური ქალაქი ხართო, ეს გვაკადრეს. ვინც ეს აკადრა ამ ქალაქს,  მინდა შევახსენო თუ არ წაუკითხავთ და არ გაუგიათ რა ქალქია ქუთაისი. ეს არის ოცხელის ქალაქი, ეს არის პაოლოს ქალაქი, ეს არის კატო მიქელაძის ქალაქი და ეს არის შრომელი ადამიანების ქალაქი,  მუშების,  ინჟინრების,  პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცების, ექიმების ქალაქი“, - განაცხადა ანა ნაცლიშვილმა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამარტოო საკანში 35 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.

Print