ახალი ამბები
,,რატომ გაახსენდა ეს მესამე დღეს'' - მდინარაძე ,,ოცნების'' რეგისტრატორის ბრალდებაზე
FaceBook
,,ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივანი ქუთაისის #90-ე უბნის კომისიის წევრის ბრალდებას, მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ, ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იზა ჩირგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რადგან თუ მასზე ზეწოლა ხორცილედებოდა, ამის შესახებ  პირველივე დღესვე უნდა ეთქვა.

"მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა იყო საფუძველი იმ არასწორი ინფორმაციის გავრცელების. დაინტერესდით კარგად რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს და რატომ მოხდა ისე, რომ მესამე დღეს რაღაც ისეთი თქვა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ ხდებოდა და ვიღაც ასეთ რამეს ეუბნებოდა ამ ერთეულ შემთხვევაში, იმავე დღეს რატომ არ მოხდა ამის გახმოვანება და გაპროტესტება? უამრავი კითხვა არსებობს",
- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ მომენტისთვის იზა ჩირგაძე ქუთაისში არ იმყოფება. ცარიელია მისი სახლი იმერეთის ერთ-ერთ სოფელშიც, სადაც იგი ორი დღის წინ ჩავიდა.  მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, ჯერ კიდევ დილით იგი სოფელში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში იყო.

ამას ქუთაისიპოსტს ადგილობრივები უდასტურებენ. თავად იზა ჩირგაძემ კი მედიასთან საუბარი არ ისურვა. შესაბამისად, უცნობია კვლავ ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა "ქართული ოცნების" მხრიდან, რაზეც იზა ჩირგაძე ორი დღის წინ საუბრობდა. უცნობია გრძნობს თუ არა ის თავს უსაფრთხოდ.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მან სახლი უკანა გასასვლელიდან დატოვა, საიდანაც ქუჩა ცენტრალურ გზას უერთდება.

პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან გაყალბების სქემაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა დაიწყო.
Print